ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია მანქანების თეთრად შეღებვის სამუშაოებს დააფინანსებს
ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია მანქანების თეთრად შეღებვის სამუშაოებს დააფინანსებს

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების თეთრად გადაღებვის სამუშაოებსა და სალონის ქიმიურ წმენდას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებენ, ავტომობილის თეთრად შეღებვის ვაუჩერი გადაეცემათ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ვაუჩერი ტაქსის მძღოლებს საშუალებას მისცემს, ავტომობილი სრულიად უსასყიდლოდ ჩადგეს მერიის მიერ დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში.

„მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებსა და სალონის ქიმიურ წმენდას. ვფიქრობთ, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, ამაზე არ მოუწევს ხარჯების გაწევა არც ტაქსის მძღოლებს, არც ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხები.

ტაქსის ვიზუალური სტანდარტი როდესაც შევიმუშავეთ, თეთრი ფერი იყო ატაცებული, თორემ ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მანქანების გვერდზე სარეკლამო ადგილიც არის განკუთვნილი, რომელსაც გარკვეული კომერციული ღირებულება გააჩნია. არსებობენ კომპანიები, რომლებიც სარეკლამო ადგილების გაყიდვით არიან დაკავებული. ეს არის საკმაოდ განვითარებული საქმიანობა და აღნიშნული კომპანიები განახორციელებენ შეთავაზებას ტაქსის ლიცენზიატებზე.

გადაღებვის ღირებულება არის დიფერენცირებული, დაახლოებით 500 ლარს შეადგენს. პრინციპი, რომელიც შევიმუშავეთ, მდგომარეობს იმაში, რომ ტაქსის მძღოლი არ იხდის გადაღებვის ღირებულებას, ამ ღირებულებას უფარავს კომპანია, რომელიც მის კარზე განათავსებს რეკლამას. ეს არის შეთავაზება და არა ვალდებულება. ტაქსის მფლობელი, რომელსაც სურვილი აქვს, თვითონ გაყიდოს სარეკლამო ადგილი, თავისუფალია ამ არჩევანში. მას შეუძლია, თავად გაყიდოს ეს ადგილი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის ავტომობილებზე რეკლამის ფასი ინდივიდუალური იქნება, რომელსაც განსაზღვრავს მიმწოდებელი და მიმღები.

„ამ საქმეში თბილისის მერია არ ერთვება. კომენტარები კეთდება, რომ რაღაც მონოპოლიზაციას ცდილობენ, ეს არის სრული ტყუილი. ეს არის დერეგულირებული ნაწილი ჩვენი რეფორმის, რომელიც არის ტაქსების მფლობელების მხარეს. დღევანდელი ინიციატივა ეხება ჩვენ მიერ შემუშავებულ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს ტაქსებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის იდეალური მოდელის შექმნას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, შეთავაზება გაუკეთოს ტაქსებს.

რაც შეეხება საპარკინგე ადგილებს, მერის მოადგილის განცხადებით, ადგილები უკვე შერჩეულია და ახლა საჭიროა საკრებულოში მცირე საკანონმდებლო ცვლილება. ირაკლი ხმალაძე ვარაუდობს, რომ საპარკინგე ადგილები ტაქსებისთვის თვის ბოლოსთვის უკვე გამოყოფილი იქნება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ.

დატოვე კომენტარი