ტანზანიაში ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა
ტანზანიაში ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაზე ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა. BBC-ს ინფორმაციით, კატასტროფის დროს ბორტზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაცია კი მთელი ღამის განმავლობაში შეჩერებული იყო. ამიტომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

მაშველებმა 37 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ამჟამად ისინი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში არიან გადანაწილებულნი. ექიმების ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამგზავრო ბორანმა კატასტროფა უკორას კუნძულთან ახლოს განიცადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორანი 100 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ მგზვრთა გადაჭარბებულ რაოდენობას ვერ გაუძლო და როდესაც ხალხის დიდი ნაწილი ბორანის ერთ ნაწილში მოექცა, გემი გადაყირავდა.

აფრიკულ სახელმწიფოში კუსტარულად დამზადებული ბორნებისა და ბორტზე მგზავრების გადაჭარბებული რაოდენობის გამო, კატასტროფები საკმაოდ ხშირად ხდება. პირველი ტრაგიკული შემთხვევა 1996 წელს მოხდა, როდესაც ვიქტორიას ტბაზე ბორანის ჩაძირვას 800 ადამიანი შეეწირა.

მსგავსი კატასტროფები მოხდა 2011 და 2012 წლებშიც. ამ ორ შემთხვევას საერთო ჯამში 345 ადამიანი ემსხვერპლა.