თანამედროვე ძალოსნობაში დღეს ყველაფერი არის გამჭირვალე და ყველა სპორტსმენის მონაცემი დეტალურად შესწავლილია
თანამედროვე ძალოსნობაში დღეს ყველაფერი არის გამჭირვალე და ყველა სპორტსმენის მონაცემი დეტალურად შესწავლილია

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ექიმმა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრმა ზურაბ კახაბრიშვილმა გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისადმი წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა.

„დოპინგის გამოყენების ფაქტებზე და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევის შესახებ ძიება 2016 წელს დაიწყო და მაშინვე იყო საუბარი ოლიმპიური პროგრამიდან სახეობის ამოღების შესახებ. ოთხი წლის წინ სპეციალური ჯგუფი შეიქნა, სადაც ყველა ქვეყნის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები გაწევრიანდნენ მათ შორის იყო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ერთობლივი მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ ძველი ფაქტები დავიწყებას მიცემოდა და მსოფლიოში ძალოსნობის განვითარების ეტაპები სუფთა ფურცლით დაწყებულიყო.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველაფერი არის გამჭირვალე. ფიზიკურად ვერ დაარღვევ ვერაფერს რადგან როგორც საშეჯიბრო ისე არასაშეჯიბრო პერიოდში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და ყველა ძალოსანზე მიმდინარეობს მუდმივი კონტროლი. ჩვენ კომისიის წევრები მთელი ამ პანდემიის პერიოდში მუდმივად ვუზიარებდით ერთმანეთს თუ როგორ მიდიოდა ამა თუ იმ სპორტსმენის მზადების ეტაპი.

2016 წლის შემდეგ პირადად მე ორჯერ ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ექიმი და ყველა სპორტსმენის მონაცემი დეტალურად გვაქვს შესწავლილი.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ტამაშ აიანი, რომელიც ფედერაციას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ბოლოს თავად იყო დაინტერესებული, რომ ყველაფერი იდეალურად წარმართულიყო და ძველი ბრალდებები და ცოდვები დავიწყებას მიცემოდა“, – განაცხადა კახაბრიშვილმა.