ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.
გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: ბილ რაიჰართი – სილიკონ ველი, Garage Technology Ventures- ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ჩერჩილის კლუბისა და VC Taskforce-ის მცირე გრანტთა მრგვალი მაგიდის თავმჯდომარე, Garage.com-ისა და ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი. 1998 წელს ბილ რაიჰართმა დააფუძნა კომპანია გაი კავასაკისთან ერთად. მან ინვესტიციები განახორციელა მყარი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიებში. არის მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი, მენტორი, სპიკერი, მრჩეველი და ლექტორი.
ჯონათან თაუერი – გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. ჯონათან თაუერმა 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში სამი ძირითადი მიმართულებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.
ლუკ კოვალსკი – Oracle-ის ვიცე პრეზიდენტი. მისი მიმართულებაა ტექნოლოგიური სტრატეგია, ინდუსტრიის სტანდარტები, უსაფრთხოება და სამთავრობო ურთიერთობები. მუშაობდა სტარტაპებთან ბიზნესის მოდელირებისა და ტექნიკური დიზაინის მიმართულებით, მათ შორის – Netscape’s Server-თან ელექტრონული კომერციის დარგშიც. იგი ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის, Pratt Institute-ისა და ტეხასის არლინგტონის უნივერსიტეტის მაღალ საგანმანათლებლო ხარისხებს. ამჟამად ასწავლის ბერკლის საინჟინრო კოლეჯში ბლოკჩეინის ლაბორატორიაში.
მარვინ ლიაო – ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის „500 სტარტაპის“ მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში. 6 წლის განმავლობაში ინვესტიცია განხორციელებული აქვს ადრეული ეტაპის 414 სტარტაპში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში Yahoo! გლობალური მენეჯმენტის მიმართულებით მმართველობით პოზიციებზე და მოიცავდა აზიის, ევროპის, ლათინური ამერიკისა და აშშ-ს ბაზრებს. ამჟამად წარმოადგენს ინტერნეტ-რეკლამისა და ტექნოლოგიური კომპანიების მრჩეველთა საბჭოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რავი ბელანი – 2012 წლიდან არის Alchemist Accelerator-ის მმართველი პარტნიორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი. Alchemist Accelerator წარმოადგენს ვენჩურული ინვესტორების ინიციატივას, რომელიც ემსახურება ისეთი სტარტაპების აქსელერაციას, რომელთა შემოსავალი გენერირებულია კომპანიების და არა მომხმარებლის მიერ. 2008 წლიდან არის კომპანიების Justin.TV, Pubmatic, Komli, Badgeville, AppCentral, Vizu, Layer8, Loki Studios, Dijit, Redux-ის მრჩეველი და ინვესტორი. 2000-იანი წლებიდან აქტიურად მოღვაწეობს სტარტაპ-ეკოსისტემის სფეროში. ფლობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლისა და სტენფორდის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს ბიზნესისა და ინდუსტრიული ინჟინერიის მიმართულებით.
დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. ღონისძიებას საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 8 ნოემბერს მეოთხედ გამოაცხადა. საწყის ეტაპზე შემოსული 173 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა 41 ფინალისტი გამოავლინეს. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები ამზადებდნენ.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 56 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.
„მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ავაშენოთ. მე პირადად, როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.