თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო, პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში ცხრა დაწესებულება დაჯარიმდა
თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო, პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში ცხრა დაწესებულება დაჯარიმდა

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა და ცხრა დამრღვევი სამასპინძლო დაწესებულება დაჯარიმდა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, დაჯარიმდნენ „მარანი“, „ჰუკა“, „მოეტი“, „ბლუმი“, „კორა“, „ალადინი“, „ორანჟერეა“, „საჰარა“, „ბლექბული“.

მათივე ინფორმაციით, ჩამოთვლილი რესტორნები განლაგებულია ცინცაძის, აღმაშენებლის, გრიშაშვილის, შარდენის, მოსაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე.

„დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის მოხმარება დაფიქსირდა, ასევე, არ ჰქონდათ თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები. აღნიშნულ ობიექტებში რიგითი მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მივედით და როგორც მონიტორინგის ჯგუფის, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები დადასტურდა.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე “კორა“ უკვე მესამედ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით არის, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს, ყოველ შემდგომ ჯერზე კიდევ 1000-1000 ლარი ემატება. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „ლაუნჯი ბარს“ „ჰუკას“ მეორედ დაეკისრა ჯარიმის გადახდა”, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

მათივე ინფორმაციით, 8 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომელიც ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება.