„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგად მარტში დარღვევები დაფიქსირდა
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგად მარტში დარღვევები დაფიქსირდა

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის შედეგად მარტის თვეში დარღვევები დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის მარტის თვეში, წინასწარ დამტკიცებული სქემისა და კითხვარების საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 600 დაწესებულება შემოწმდა.

„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების დაწყებიდან ოთხი წელი სრულდება, თუმცა, საზოგადოების ნაწილი კვლავაც ვერ მიეჩვია არ მოწიოს იქ, სადაც კანონი თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებას კრძალავს. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დეფიციტის გამო მოქალაქეების უმრავლესობა ერიდება მოწევის წესის დარღვევის ფაქტზე სამართალდამცველების გამოძახებას. ამიტომაც, კანონის აღსრულებას სპეციალური, მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს და მათ მიერ დაფიქსირებული (ფოტო, ვიდეო მასალის) ფაქტების საფუძველზე, აღმასრულებელი ორგანო, საპატრულო პოლიცია, შემოსავლების სამსახური, ან მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური კანონდარღვევის ოქმს ადგენს.

მონიტორინგის სამსახური ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ყოველთვიურად რანდომული პრინციპით შერჩეულ დაწესებულებებში (მინ. 400 დაწესებულება) თამბაქოს კანონის აღსრულებას აფასებს და საინფორმაციო და კვლევით სამუშაოებს ეწევა. მიმდინარე წლის, მარტის თვეში, წინასწარ დამტკიცებული სქემისა და კითხვარების საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 600 (გეგმიური 410) დაწესებულება (სამედიცინო, საჯარო / სახელმწიფო საგანმანათლებლო, სამასპინძლო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები, კაფე-რესტორანი – კინო-თეატრი -სასტუმრო – სილამაზის სალონი) შემოწმდა.

სოციალური თავშეყრის დახურულ სივრცეში, თბილისში, მარნეულში, ხარაგაულში, ბორჯომსა და სენაკში მოწევის წესის დარღვევის საფუძველზე პოლიციამ დამრღვევები დააჯარიმა. დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის კანონის დარღვევით გამოყენების ფაქტები.

ხარაგაულში, სიგარეტს ეწეოდნენ ერთ-ერთი პარტიის ოფისში. სენაკში კი, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მოსაწევი ადგილი ეზოს ნაცვლად, მეორე სართულის აივანზე ჰქონდათ. მარტის თვეში, შიდა სივრცეში, თამბაქოს პროდუქტები ხილულად გამოფენილი ჰქონდა შემოწმებული სავაჭრო ობიექტების (310) 20,8%-ს (თებერვალში 18,1%).მაჩვენებელი მომატებულია ქუჩისა და ბაზრობების დახლების ხარჯზე, სადაც სიგარეტი ხილულად იყიდება, მაგრამ რეაგირება გართულებულია, რადგან სცილდება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საზღვრებს, გარე ვაჭრობაზე პასუხისმგებელი ორგანოები კი მსგავსი დარღვევების აღკვეთას ეფექტურად ვერ ახერხებენ. ასევე ფიქსირდება თამბაქოს ნაწარმის გარედან ხილვადობის ფაქტებიც, შემოწმებული დაწესებულებების (310) 8,3%-ში (თებერვალში – 8,6%).

დარღვევების უმეტესობა ამ შემთხვევაშიც ბაზრობებსა და ქუჩაში განთავსებულ დახლებზე მოდის. გვხვდება სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტებიც. მეტწილად ეხება თუთუნის რეკლამას. შემთხვევები საკმაოდ მცირე, მაგრამ საგულისხმოა და შემოწმებულ დაწესებულებათა 2,7%-ში აღინიშნება. სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები დაფიქსირდა შემოწმებული ობიექტების 0,8%-ში. 2022 წლის პირველი იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალში სადაც მოწევა აიკრძალა, დაემატა ტაქსი. ჯანმოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ქ. თბილისში 308 ტაქსი შემოწმდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რომელთა შესახებ 112-ის მობილური აპლიკაციით სამართლდამცველებს ეცნობათ“,- აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციაში.