თამბაქოს კონტროლის ალიანსი – მთავრობამ უნდა გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ჩარევისგან

17:15, 22.10.2025

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, თამბაქოს ინდუსტრიის გლობალური ჩარევის ინდექსი 2025-ის თანახმად, საქართველომ 87 ქულა (100-დან) დააგროვა და კვლავ ლიდერობს ქვეყნებს შორის, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაზე თამბაქოს ინდუსტრიის (TI – თამბაქოს ინდუსტრია) გავლენა მზარდია.

მათივე ცნობით, ინდექსი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ბოლომდე არ ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) 5.3 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს.

„პარლამენტთან, ძირითად სამინისტროებსა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა) და ბიზნესომბუდსმენის აპარატთან თამბაქოს ინდუსტრიის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გავლენა პოლიტიკის შემუშავებაზე; 2018 წლისთვის დაგეგმილი, სადა შეფუთვის კანონის ამოქმედება ინდუსტრიის აქტიური ლობირების შედეგად არაერთხელ გადაიდო და მხოლოდ 2025 წლის 1-ელი აპრილიდან გახდა შესაძლებელი; 2024 წლის მაისში აქციზის 50-პროცენტიანი გადასახადი შეამცირეს ნედლ თამბაქოზე, ჩილიმზე, სნუსსა და საღეჭ თამბაქოზე; თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვის მიუხედავად, TI აქტიურად აფინანსებდა ღონისძიებებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) საფარქვეშ. Philip Morris International-მა (PMI) დააფინანსა, სულ მცირე, ათი სემინარი სამედიცინო პროფესიონალებისთვის, სადაც „თამბაქოს ზიანის შემცირების“ საბაბით გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების (HTP) და ელექტრონული სიგარეტების პოპულარიზაციას ეწეოდნენ; 2023-2025 წლებში მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ძირითადი მინისტრები, რეგულარულად ხვდებოდნენ TI-ის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა. ამ შეხვედრების დღის წესრიგი, ჩანაწერები და შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია, რაც ჯანმო-ს FCTC-ის 5.3 მუხლს არღვევს; ქვეყანას აკლია რეგულაციები TI-დან პოლიტიკური შენატანების აკრძალვისა და გამჟღავნების მოთხოვნის შესახებ. არ არსებობს მექანიზმები ოფიციალურ პირებსა და TI-ს შორის ინტერესთა კონფლიქტების მონიტორინგისა და პრევენციისთვის, რაც ქმნის პოლიტიკის შემუშავებაზე არასათანადო გავლენის რისკს“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ინდექსის ავტორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ განახორციელოს ზომები ჯანმო-ს FCTC-ის 5.3 მუხლის შესასრულებლად.

„მიიღოს 2018 წელს წარდგენილი დადგენილება, რის შედეგადაც თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა დაცული იქნება და საჯარო მოხელეებსა და TI-ს შორის კომუნიკაცია გამჭვირვალე გახდება; შეიქმნას კოდექსი, რომელიც აკრძალავს TI-დან საჩუქრებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერის მიღებას; მოსთხოვოს TI-ს, გაამჟღავნოს მონაცემები მარკეტინგული ხარჯების, ლობირების აქტივობების, პოლიტიკური შენატანების, შემოსავლების და CSR პროგრამების შესახებ და ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს; აიკრძალოს პოლიტიკური შენატანები TI-დან პოლიტიკურ პარტიებში, კამპანიებსა და კანდიდატებში, და შეიქმნას ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმები. ინდექსის მიერ დაფიქსირებული მაღალი ქულა გადაუდებელი ზომების აუცილებლობას ქმნის. საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ჩარევისგან“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.

მსგავსი