თამაზ მაქაცარიას ჰეთთრიქით „ჟენისი“ ყაზახეთის პრემიერლიგაში გადავიდა - ქავთარაძემ ისევ გაიტანა #1TVSPORT
თამაზ მაქაცარიას ჰეთთრიქით „ჟენისი“ ყაზახეთის პრემიერლიგაში გადავიდა - ქავთარაძემ ისევ გაიტანა #1TVSPORT

ყაზახეთის პირველ ლიგაში სეზონი დასრულდა და ქართველების გუნდებმა პრემიერლიგის საგზური მოიპოვეს, მათ წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ბექა ქავთარაძის „ელიმაიმ“ ეს ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოახერხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ლიდერმა (უთამაშია „დინამო თბილისში“, „საბურთალოსა“ და „თელავში”) 21 მატჩში, 19 გოლთან ერთად, 7 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ბექა ქავთარაძის „ელიმაიმ“ ბოლო ტურში მოიგო (2:1), ქართველმა მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ 31-ე წუთზე შეცვალეს – მიზეზი ტრავმაა. კონკურენტი „აკჟაიკის“ წაგებამ ხელი შეუწყო პრემიერლიგაში „ჟენისის“ გადასვლას, რომელმაც „აკადემია“ 4:0 დაამარცხა.

მაქაცარიამ 61-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ლაშა კასრაძე ბოლომდე დარჩა მოედანზე და მესამე დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველმა თავდამსხმელმა ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა – 28 წლის ფეხბურთელმა ჰეთთრიკი შეასრულა, სულ კი „ჟენისში“ ივლისში გადასულმა მოთამაშემ 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა.