თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ - სპალეტიმ კვარაცხელია და სალაჰი ერთმანეთს შეადარა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა – „ნაპოლის“ მწვრთნელმა ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„კვარა და სალაჰი ჰგვანან თუ არა ერთმანეთს იმით, რასაც გუნდისთვის აკეთებენ?“, – „ნაპოლის“ მწვრთნელმა პრესკონფერენცია ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო.
„დიახ, ეს მოთამაშეები ახერხებენ ბრწყინვალე თამაშის სხვადასხვაგვარად ჩვენებას. ორივეს შეუძლია ბურთთან შეხება გუნდისთვის სასარგებლო შეტევად გადააქციოს. მათ მარტივად შეუძლიათ მოწინააღმდეგის კარზე შეტევის განვითარება და გოლის გატანა. იოლად ახერხებენ ბურთით მოძრაობას და გადაადგილებას. რაც მთავარია, ორივე დარწმუნებულია თავის პოტენციალში, არიან უბრალოები, კარგი ბიჭები, ურთიერთობაში მოკრძალებულები. ამ ორს შეუძლია, „ლივერპული“-„ნაპოლის“ მატჩის ბედი გადაწყვიტონ.
წავიკითხე, რაც კლოპმა ჩემზე და „ნაპოლიზე“ თქვა, რომ 4:0 მოგებაზე არ ფიქრობენ (იცინის). სერიოზულად რომ თქვა, 4:0 ვერც მოიგებს, რომც მოინდომოს. ის გადაჭარბებულ კომპლიმენტებს იყენებს მეტოქის დაფასებისთვის. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, ის საუკეთესოა.
ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია და მისი არსებობის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო „ლივერპულად“ მიმაჩნია. ჩემი ფეხბურთელები ემოციებს არ უნდა აყვნენ და მშვიდად უნდა ითამაშონ. ამავე დროს, მათ ინგლისელების სისწრაფესთან შეგუება მოუწევთ“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.