თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა
თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის გამო, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს, პარლამენტის დადგენილების პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 28 სექტემბრის N28/09/03 განკარგულებით, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

„კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს თამარ ტალიაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თამარ ტალიაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილების პროექტს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად 67 ხმით დაუჭირა მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და პარლამენტში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონი თამარი არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პატრიოტი, გამორჩეული ქალი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ ეს თვისებები მას ასევე გამორჩეულ დიპლომატად აქცევს. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს პარლამენტის სახელით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, თამარ ტალიაშვილს ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნამდე, პარლამენტში განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობით სტრუქტურებში მისი საქმიანი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის წევრის სტატუსით, 2017 წლიდან იწყება. 2018 წელს სტრასბურგში ევროსაბჭოს კონგრესმა იგი ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე აირჩია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში 2021 წელს თამარ ტალიაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მომხსენებლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით 2022 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ.