თამარ ტალიაშვილი - წინა ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები
წინა ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამოსვლისას დღეს განაცხადა, რომ „სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ეროვნული მოძრაობის სიმბოლოს, მერაბ კოსტავას სახლი იყოს ამ მდგომარეობაში“.
„მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მემორიალური ძეგლი და სწორედ ამიტომ, გასული წლის დეკემბერში, თბილისის მერიამ გამოისყიდა ის ფართი, რომლის გამოსყიდვაც აუცილებელია, რათა ამ მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდეს ისევე, როგორც განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული გალაკტიონ ტაბიძის, შიო არაგვისპირელის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვა მუზეუმები, რომლებიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იქნა რეაბილიტირებული.
სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში, თითი თითზე არ დაგიკარებიათ და სავალალო მდგომარეობაში დაგვხვდა მუზეუმები“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.