თამარ ტალიაშვილი - ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოვისმინეთ ხისტი გამოთქმა, რომ არ აპირებენ, ჩაერთონ პროცესში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ სპექტრს შესთავაზა
თამარ ტალიაშვილი - ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოვისმინეთ ხისტი გამოთქმა, რომ არ აპირებენ, ჩაერთონ პროცესში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ სპექტრს შესთავაზა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მაინც ისმის ხისტი განცხადებები, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო პროცესში არ ჩაერთვებიან.

როგორც თამარ ტალიაშვილი ამბობს, არსებობს ერთი ინკლუზიური პროცესი, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და მიზნად ისახავს 12-პუნქტიანი გეგმის სიღრმისეულ, უსწრაფეს რეჟიმში შესრულებას.

„ევროპარლამენტარების ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენელის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ ხისტი გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ მოწოდებების მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ჩაერთნონ ძალიან ინკლუზიურ პროცესში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთელ პოლიტიკურ სპექტრს შესთავაზა. არსად არ არის მაგალითი, რომ უმრავლესობის მიერ შექმნილი პლატფორმის ალტერნატივის სახით რაიმე სხვა მრავლობითი ალტერნატივა იქმნებოდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით. არსებობს ერთი ინკლუზიური პროცესი, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და მიზნად ისახავს 12-პუნქტიანი გეგმის სიღრმისეულ, უსწრაფეს რეჟიმში შესრულებას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში იმყოფება ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: დევიდ მაკალისტერი, ზელიანა ზოვკო, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერმა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რათა ევროკომისიას წლის ბოლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, როგორ მიიწევს წინ ქვეყანა“.