თამარ ტალიაშვილი - ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოება მომსწრეა ანტიეროვნული მცდელობისა, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს ურთიერთობას პარტნიორ ქვეყნებთან
თამარ ტალიაშვილი - ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოება მომსწრეა ანტიეროვნული მცდელობისა, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს ურთიერთობას პარტნიორ ქვეყნებთან

ბოლო პერიოდში ჩვენი საზოგადოება მომსწრეა ანტიეროვნული მცდელობისა – ჩრდილი მიაყენონ საქართველოს ურთიერთობას პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ამასობაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს უმნიშვნელოვანეს მეგობართან აშშ-თან ახალ ეტაპზე გადადის. განათლების პოლიტიკა მდგრადი განვითრებისა და სიღრმისეული ცვლილებების პოლიტიკაა. სწორედ, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში აშშ-ის მხარდაჭერით, გასულ კვირას, საქართველოში გაიხსნა რეგიონში ერთადერთი ამერიკული ოფიციალური უნივერსიტეტი. საუბარია, ვებსტერის საუკუნოვანი წარმატების ტრადიციის მქონე უნივერსიტეტის კამპუსის საქართველოში გახსნაზე. ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ძლიერი გზავნილია“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ტალიაშვილის თქმით, პროგრამა, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ამერიკული და ევროპული ფილიალების პროგრამების ანალოგია. მისივე თქმით, ამერიკის მხარემ დიდი საჩუქარი გაგვიკეთა სტუდენტებისათვის ამ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის შესაქმნელად. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, აშშ-ის განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამების მასშტაბურ პროგრამებში მონაწილე მოსწავლეების, სტუდენტების, მკვლევრებისა და პროფესიონალების რაოდენობამ 6 000 მიაღწია და ცალკე აღნიშვნის ღირსია სან დიეგოს და მილენიუმის ფონდის მერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. აშშ-თან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივას ქმნის საუნივერსიტეტო კვლევების კომერციალიზაციის მხარდაჭერის პროგრამა.

„მმართველი გუნდის თანამიმდევრული და მიზანმიმართული რეფორმების შედეგად და ევროკავშირის დიდი მხარდაჭერით, შეიქმნა სრულიად ახალი შესაძლებლობა მეცნიერების სფეროში, კერძოდ ექვსი თვის წინ საქართველო შეუერთდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის 95,5 მილიარდი ევროს მოცულობის პროგრამას Horizon Europe. ამ პროგრამის მეშვეობით, საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეუძლიათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ტალიაშვილის თქმით, ქართული განათლების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას გამოხატავს საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისათვის, ყოველწლიურად,  ასეულობით გაცვლით ღონისძიებას ახორციელებს.

„სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს თანამშრომლობა და თავის მხრივ, განათლების სექტორში ამ პარტნიორობის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, არის მმართველი გუნდის პროდასავლური და პროევროპული კურსის კონცენტრაცია ყველაზე მდგრადი და გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის სექტორში – განათლებაში. ასე რომ, ვიდრე ოპონენტები სტრატეგიული პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებაზე ისაუბრებენ, უნდა გაეცნონ ფაქტებს და პატივი სცენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ისე იმ ათასობით ქართველ ახალგაზრდას, რომელთაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ამ პარტნიორობის განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.