თამარ მახარაშვილი – ერთია, როცა გეგმავ, რომელი 150 ან 300 სკოლაა წლის პრიორიტეტი, მეორეა – სამხარაულის დასკვნა, რომ შენობა მეოთხე კატეგორიისა, ეს ნიშნავს მყისიერ ევაკუაციას, წინასწარ პროგნოზს ვერავინ დადებს
ჩვენ გვაქვს 2 086 საჯარო სკოლა, რომელიც წარმოდგენილია 2 500 კორპუსით, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ინფრასტრუქტურაზე როცა ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ საქართველოს მასშტაბით 2 500 კორპუსზე. ბუნებრივია, ამ რაოდენობის სკოლებზე როცა ვსაუბროთ, ასაკიც არ უნდა დაგვავიწყდეს ამ სკოლების, დაახლოებით მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, რამდენ სკოლას შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება და ჩვენი სკოლების უმრავლესობა არის სამოციან წლებში აშენებული. გვაქვს ასწლოვანი სკოლები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც. ასეთი სკოლების პატრონები ვართ ჩვენ. დაგეგმარებაზე როცა ვსაუბრობთ, 2086 სკოლა რომ გაქვს, 2 500 კორპუსი და არა 200 ან 100, დაგეგმარების ნაწილშიც თავისი ლოგიკა არსებობს, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ, პირველ რიგში, პოლიტიკის განმახორციელებელმა ზუსტად მისცეს ინფორმაცია, რომელი სკოლებია კონკრეტული წლის პრიორიტეტი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, განათლების სამინისტრო, და ინფრასტრუქტურას ვაძლევთ დაკვეთას“, – განაცხადა მახარაშვილმა.
შეკითხვაზე, რა კრიტერიუმებით ხდება განსაზღვრა, პირველ რიგში, რომელ შენობაში უნდა მოხდეს დემონტაჟი ან რომელ შენობას უნდა ჩაუტარდეს გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო გადასცემს, რამდენი სკოლაა კონკრეტული წლის პრიორიტეტი, პროცედურა შემდეგ იწყება სამხარაულის დასკვნის მოსვლით.
„21-ე სკოლასთან დაკავშირებით გეტყვით. რა თქმა უნდა, ერთია პოლიტიკა, როცა შენ გეგმავ, რომელი 150 ან 300 სკოლაა წლის პრიორიტეტი და მეორეა, როდესაც სამხარაულიდან მოდის დასკვნა და გეუბნება, რომ შენობა არის მეოთხე კატეგორიის. ეს ნიშნავს, რომ მყისიერად უნდა დაექვემდებაროს ევაკუაციას. ანუ, წინასწარ დაგეგმარება იმისა, 400 სკოლა რომ გადაეცი და 400-ვე მყისიერად, შეიძლება სასწრაფოდ გამოსაყვანი გყავდეს, რა თქმა უნდა, ამის პროგნოზს ვერავინ ვერ დადებს. 21-ე სკოლას რაც შეეხება, სწორედ მეოთხე კატეგორიაა, მთავრობის დადგენილება ამბობს, რომ ევაკუაციას ექვემდებარება“, – განაცხადა მახარაშვილმა.
როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სასკოლო საზოგადოება უნდა იყოს უსაფრთხოდ სკოლაში, როგორც კი მეოთხე კატეგორია მოდის, განათლების სამინისტრო მაშინვე ანთებს წითელს.
„წინასწარ ხომ ვერ ეცოდინება განათლების სამინისტროს, იმ 400 სკოლაზე რომელი მოვა მეოთხე კატეგორია და, მინიმუმ, ერთი კვირა გადაგვყავს დისტანციურზე, რათა ჩავაბრუნოთ შეკითხვა და არა იმიტომ, რომ მშობლებმა პროტესტი გამოხატეს, ან ასე შემდეგ. ეს ყველა სკოლაზე ასეა, როცა მეოთხე კატეგორია მოდის, დისტანციურზე გადაგყავს, ანუ, აღარ შეგყავს შენობაში და უკვე შესაბამის უწყებას ვუბრუნებთ ჩაკითხვას. როცა წერია, ევაკუაცია და დემონტაჟია საჭიროო, გამაგრებაო თუ სათანადო პროექტით სამუშაოებიო, უკვე ვეკითხებით, რისი გაკეთება არის შესაძლებელი, უნდა დაინგრეს და აშენდეს, თუ არის შესაძლებელი რეაბილიტაცია“, – განაცხადა მახარაშვილმა.
შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა დასკვნის უფრო ადრე წარმოდგენა, მაგალითად, მაისის ბოლოს, რომ ზაფხული გამოყენებული ყოფილიყო ალტერნატიული ფართის მოსაძიებლად, ან დამატებითი ჩაკითხვის შემთხვევაში როცა აღმოჩნდა, რომ გამაგრება შესაძლებელია, ხომ შეიძლებოდა, ეს გამაგრებითი სამუშაოები ზაფხულში ჩატარებულიყო და სასწავლო პროცესს აღარ შეშლოდა ხელი, მახარაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამხარაულის ბიურომ კონკრეტული რგოლიც გამოყო, რომელიც ამ მიმართულებას მოემსახურება, სამხარაულს მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის შეფასება არ აქვს, ეს უწყება მთლიანად ძალიან ბევრ პროცესს ფარავს და ამიტომ, თუ განათლების სამინისტრო მარტში გააგზავნიდა, პასუხი ივნისში ექნებოდა, ეს ასე ცალსახად არ ხდება.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ადვილი დაგეგმარების მოდელია, ამას რა უნდა, რომ გააგზავნო მარტში 400-ვე სკოლაზე და მიიღო პასუხი, ვთქვათ, ივნისში? ეს ყველაზე ადვილია და არ სჭირდება დიდი ექსპერტობა, მაგრამ ეს ასე არ არის სინამდვილეში, რადგან სამხარაულს არ ეხება მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მახარაშვილმა.