თამარ კორძაია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხმამაღალი საუბრის უკან დამალული შიში კატეგორიულად მიუღებელია
თამარ კორძაია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხმამაღალი საუბრის უკან დამალული შიში კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხმამაღალი საუბრის უკან დამალული შიში კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობა, უნდა იფიქროს უკრაინელებზე, რომლებზეც გადის არა მხოლოდ საქართველოს მშვიდობა, არამედ ევროპული უსაფრთხოება.

„მე, თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვედით ფეხით მთებზე, დღეს ვარ 44 წლის. 28 წელია, მახსოვს ერთი რამ, უფრო სწორად მე მახსოვს ადამიანები ამ გზაზე, გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, გარდაცვლილი გზაში. მე მახსოვს, ადამიანები როგორ აშველებდნენ ერთმანეთს ხელს და როგორ ეხმარებოდნენ ამ ჯაჭვში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდა, ორი ღამე ღია ცის ქვეშ გათენებული. ეს არ მავიწყდება.

სიბრაზე ყველა ხელისუფლების მიმართ შეიძლება დაგავიწყდეს, ყველა ხელისუფლების ლიდერის სიტყვა შეიძლება, დაგავიწყდეს, მაგრამ ის სიმწარე, რასაც საკუთარ ცხოვრებაში საკუთარი თვალით ნახავ და იგრძნობ, არ დაგავიწყდება, რომ ეს გააკეთა რუსეთმა.

დღეს უკვე 2022 წელია, პუტინი და რუსეთი ჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი მასშტაბის დანაშაულს, ისევ ხოცავს ბავშვებს, ისევ ხოცავს ქალებს, ისევ ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და რატომ ბედავს ის ამას, რადგან ვიღაცებს ეშინიათ, ვიღაცები მიიჩნევენ, რომ დღეს ჩვენ ეს არ უნდა შეგვეხოს, რადგან გონივრული პოლიტიკა არის ის, რომ, რადგანაც უკრაინას დაარტყა და უკრაინაში ხდება და საქართველოს არ ურტყამს, ჩვენ შეგვიძლია, ჩუმად ვიყოთ, რომ ჩვენ არ დაგვარტყას. ის შიში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ პრემიერის ტექსტში, მიუხედავად მისი ხმამაღალი საუბრისა, ამ ხმამაღალი საუბრის უკან დამალული შიში კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოს პრეზიდენტიც თქვენი არჩეულია, რომელმაც თქვა ძალიან გარკვევით და მარტივად, რომ ჩვენგან ბევრს არაფერს არ ელოდება არც ევროპა, არც ნატო. ჩვენგან ელოდებიან სოლიდარობას და როგორ გამოვხატავთ ამ სოლიდარობას, ისიც ხომ თქვენი არჩეულია, მაგრამ რატომღაც, ის სხვა სიტყვებით ლაპარაკობს, სხვა ტექსტებით გამოხატავს ამ მზაობას. ჩვენგან არაფერს არ ითხოვენ გარდა იმისა, რომ არ ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ, არა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთი პატარები, რომ მარტო საკუთარ ინტერესებზე ვისაუბროთ. ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინელებზე, რომლებზეც გადის არა მხოლოდ ჩვენი მშვიდობა, მშვენივრად თქვა ქალბატონმა მაკამ, ევროპული უსაფრთხოება გადის, მაგრამ ამაზე უნდა ლაპარაკობდეს პრემიერი უფრო თამამად და არ გვიხსნიდეს, რამდენი ფული შემოდის რუსეთიდან საქართველოში. როგორ შემოვა ამ რუსეთიდან ეს ფული, როდესაც რუსეთს მსოფლიომ ეკონომიკური სანქციები დაუწესა“, – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, რუსეთს გადაუკეტეს ყველაფერი და საქართველოს პრემიერს აქვს იმედი, რომ რუსეთიდან კიდევ შემოვა თანხა.

„აი, ამიტომ არის, რომ ჩვენ გამოვხატავთ უკმაყოფილებას, რომ ჩვენი სოლიდარობა არ არის საკმარისი თუ არა, თქვენ თითოეულმა, რაც დღეს ბრძანეთ არის ძალიან კარგი. მივესალმები და მადლობა ამას რომ აკეთებთ, მაგრამ მთავარი და მნიშვნლოვანი არის ის, რომ მსოფლიოს წინაშე პოლიტიკურად შეშინებულად არ გამოვიყურებოდეთ ჩვენი პრემიერ-მინისტრის დამსახურებით“, – განაცხადა კორძაიამ.