თამარ კორძაია - საპატრიარქოს არ აქვს უფლება, ხელისუფლებას თითის ქნევით ელაპარაკოს
თამარ კორძაია - საპატრიარქოს არ აქვს უფლება, ხელისუფლებას თითის ქნევით ელაპარაკოს

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საპატრიარქოს არ აქვს უფლება, ხელისუფლებას თითის ქნევით ელაპარაკოს და ღირსეული ხელისუფლება ამაზე სათანადო პასუხს გასცემდა. მან შეაფასა საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ე.წ გეი პრაიდის ჩატარება.

„რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის იყო, არის და იქნება სეკულარული სახელმწიფოს იდეის მომხრე.  „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს, ქვიარ თემის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, უსაფრთხოდ იკრიბებოდნენ ამ ქვეყანაში.

საპატრიარქოს განცხადება პირდაპირი ზეწოლა, ძალადობაა თითოეული ამ ადამიანის მიმართ. ხელისუფლება ვალდებულია, განცხადება გააკეთოს და საპატრიარქოს საკუთარი ადგილი მიუთითოს, მისი ადგილი არის ეკლესიაში და არა საჯარო ხელისუფლებაში. საპატრიარქოს არ აქვს უფლება, თითის ქნევით ელაპარაკოს ხელისუფლებას და ღირსეული ხელისუფლება ამაზე სათანადო პასუხს გასცემდა მას. ამ თემის წარმომადგენლებს მივმართავ, მათ უნდა იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის იქნება მათ გვერდი.

გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და მკაცრი განცხადება გააკეთოს, დაიცვას თითოეული ადამიანი ამ ქვეყანაში, გამოვიდეს პრეზიდენტი. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტები ასე იქცევიან. ისინი იცავენ ქვიარ თემის წარმომადგენლებს, იცავენ ნებისმიერი ადამიანი უფლებას და ამ შემთხვევაში, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება“, – აცხადებს თამარ კორძაია.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ვემიჯნებით ყოველგვარ  ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე.წ. გეი პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს“.