თამარ კორძაია - „ქართული ოცნება“ თუ ვერ აიღებს 43 პროცენტს, აიღებს გახარია და შემდეგ ერთად გააკეთებენ კოალიციას, ბიძინა ივანიშვილი კი მათ ზურგს უკან იქნება
თამარ კორძაია - „ქართული ოცნება“ თუ ვერ აიღებს 43 პროცენტს, აიღებს გახარია და შემდეგ ერთად გააკეთებენ კოალიციას, ბიძინა ივანიშვილი კი მათ ზურგს უკან იქნება

ყველა, ვინც პარტია „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, ყოველთვის იტოვებს გზას ბიძინა ივანიშვილთან, ჩემი გამოკლებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

მან გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„გახარიას გუშინდელ განცხადებას თუ გავაანალიზებთ, ის „ქართულ ოცნებაში“ ყველას ერჩის, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პირდაპირ გაუხსნა ცეცხლი. ყველა, ვინც პარტია „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, ყოველთვის იტოვებს გზას ბიძინა ივანიშვილთან, ალბათ, ჩემი გამოკლებით, თავის დროზე“, – განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში არის ჩრდილოვანი მმართველობა და ადამიანი, რომელიც ერთი განცხადებით პოლიტიკურ პროცესს ანგრევს.

„შესაბამისად, ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები სადღაც არის, მიღმა და ხელიდან გვისხლტება. უბრალოდ, ხელს ვერც კი მოკიდებ, ისეთ მდგომარეობაში ვართ. ის პროცესებს განსაზღვრავს და ამ პირობებში ვხედავთ ერთ რამეს – 43 პროცენტს ვერ აიღებს „ქართული ოცნება“? აიღებს გახარია და მერე „ქართული ოცნება“ და გახარია ერთად გააკეთებენ კოალიციას, ბიძინა ივანიშვილი კი იქნება მათ ზურგს უკან. ეს არის დასაშვები რეალობა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა გავთვალოთ“, – განაცხადა კორძაიამ.

მან პარლამენტში ნიკა მელიას გამოსვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელია გულწრფელი იყო, როცა თქვა, რომ ამ პარლამენტში შესვლა მისთვის ემოციურად მძიმეა.

„დღეს ნიკა მელიამ გულწრფელად ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მისთვის ემოციურად მძიმეა იმ პარლამენტში შესვლა, სადაც კოლეგებმა, ვინც იქ იჯდა, ხმა მისცეს მისთვის იმუნიტეტის ერთხელ მოხსნას, მეორეჯერ შეჩერებას და თანხმობას დაკავებაზე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ემოციურად დაძაბული იყო „ქართული ოცნებაც“ იმიტომ, რომ ის სინდისის ქენჯნა, რაზეც ნიკა მელია ლაპარაკობდა და ისინი არ აღიარებდნენ, იგრძნობოდა დარბაზში. შეიძლება, კადრებში არა, მაგრამ იგრძნობოდა იმ ღიმილში, ირონიულ კომენტარებში და ცივი წყლის მიტანაში. ჩემი ხედვით, ეს იყო მცდელობა, არ ეჩვენებინათ ის დისკომფორტი, რაც პარლამენტში არსებობს“, – განაცხადა კორძაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა და ამ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით არის მიღებული და იგივე პოლიტსაბჭოს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, მაგრამ ამ პროცესში სხვა ვერ ჩაერევა.

„ამ პროცესში ჩვენ ვერ ჩავერევით. ალბათ, პარტია თვითონ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში, მაგრამ პოლიტსაბჭო აუცილებლად ექნებათ მოსაწვევი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, ხელი ან მოაწერონ, ან არა. მე ამაზე ნამდვილად არ მაქვს პროგნოზები“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

დატოვე კომენტარი