თამარ კორძაია - ნიკა მელიას ექნება ჩემი მხარდაჭერა, კარგი იქნებოდა, რომ მელიასთვის დაეჭირა მხარი ყველა ოპოზიციურ პარტიას
ნიკა მელიას ექნება ჩემი მხარდაჭერა, კარგი იქნებოდა, რომ მელიასთვის დაეჭირა მხარი ყველა ოპოზიციურ პარტიას, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას.
კორძაიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ არჩევნებში არის ის, რომ პროპორციულ არჩევნებში ოპოზიციამ მოახერხოს კოორდინირება და შეთანხმება იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს.
„ბუნებრივია, ნიკა მელიას ექნება ჩემი მხარდაჭერა, რადგან მელიასთან ერთად და ბლოკთან ერთად ვიბრძოდით, რათა დაგვემარცხებინა საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“. ბლოკის წარმომადგენლებთან ერთად ისევ ვითანამშრომლებ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ არჩევნებში არის ის, რომ პროპორციულ არჩევნებში ოპოზიციამ მოახერხოს კოორდინირება და შეთანხმება იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამას გააკეთებს, რადგან ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ საერთო ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი გაცილებით მეტია ამ ქვეყანაში, ვიდრე სახელისუფლებო ამომრჩეველი. შესაბამისად, შანსები არის ძალიან მაღალი, რომ შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ დამარცხდეს პროპორციულ არჩევნებში.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, იმდენ შეცდომას და იმდენ ძალადობას ჩადის „ქართული ოცნება“, რომ ეს ამოუვიდა ყელში ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მელიასთვის დაეჭირა მხარი ყველა ოპოზიციურ პარტიას. მელიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მას შეუძლია თანამშრომლობა ოპოზიციურ ძალებთან, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება.
უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რაც გვაქვს და იმის მიხედვით დავსახოთ ჩვენი გეგმები მომავალი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.