თამარ კორძაია - გიორგი გახარიას საუბარი საკუთარ პასუხისმგებლობაზე ყველანაირ ცინიზმს სცდება, ეს საზოგადოების დაცინვაა
თამარ კორძაია - გიორგი გახარიას საუბარი საკუთარ პასუხისმგებლობაზე ყველანაირ ცინიზმს სცდება, ეს საზოგადოების დაცინვაა

გიორგი გახარიას საუბარი საკუთარ პასუხისმგებლობაზე ყველანაირ ცინიზმს სცდება, ეს უკვე საზოგადოების დაცინვაა, რადგან აღიარა, რომ დაუშვებელი იარაღი გამოიყენა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„მან აღიარა, რომ მოქალაქეების სამართლიან პროტესტს უკანონო გადაწყვეტილების გარეშე ვერ ერეოდა. ამ ფონზე საუბარი მის პასუხისმგებლობაზე იმ ფორმით, რა ფორმითაც საუბრობს, ცინიზმია. რაც უფრო მეტად ცინიკური იქნება გიორგი გახარია, მით მძიმე იქნება მისი დასასრული, პოლიტიკურიც და სამართლებრივიც“,- განაცხადა კორძაიამ.

კორძაიას თქმით, შს მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს, ოპოზიციის მიერ პარლამენტის საშვები დიდი რაოდენობით გაიცა, რამაც საშიშროება შექმნა, სასაცილოა.

„ძალიან სასაცილოა. გახარია უკვე ჭიკაიძის დონეს ჩამოსცდა. საშვი იმდენი დაიშვება, რამდენ მოქალაქესაც პარლამენტის შენობაში შესვლა მოუნდება. პარლამენტი არის მოქალაქეებისთვის და საკანონმდებლო ორგანო საჯარო დაწესებულებაა, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. ხომ არ დაავიწყდათ, რომ იმ დღეს თავზე გავრილოვი დაგვასვეს. ადამიანებს, ვისაც შესვლა უნდოდათ, შესვლის კანონიერი უფლება ჰქონდათ. კანონიერი მოქცევის ფარგლებში თუ ის რაიმე ტიპის საფრთხეს ხედავს, ეს კიდევ უარესი პრობლემაა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აბსოლუტურად უუნარო შინაგან საქმეთა მინისტრია“,- განაცხადა კორძაიამ.

დატოვე კომენტარი