თამარ კორძაია - გაუგებარია, როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული პროცედურებით ვსარგებლობთ და ვითხოვთ პრემიერის მოსვლას პარლამენტში, რატომ არის ეს საბოტაჟი
თამარ კორძაია - გაუგებარია, როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული პროცედურებით ვსარგებლობთ და ვითხოვთ პრემიერის მოსვლას პარლამენტში, რატომ არის ეს საბოტაჟი

თქვენი ლექსიკა, რომლითაც დღეს ოპოზიციას მიმართავდით ამტკიცებდა, რომ დეპოლარიზაციისთვის თავად თქვენც, პერსონალურად, შეიძლება, არ იყავით მზად, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კორძაიას თქმით, გაუგებარია, როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული პროცედურებით ითხოვენ პრემიერის პარლამენტში მისვლას, რატომ არის ეს მოთხოვნა საბოტაჟი.

„ბატონო ირაკლი, თქვენი წერილობითი ანგარიში ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ზეპირი მოხსენება. გეთანხმებით იმაში, რომ 12 პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია. დეპოლარიზაციას მეც ზუსტად ისე ვხედავდი, რომ გვემუშავა ყველას ერთად. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ თქვენ და ეტყობა არ ელოდით სიაში იმის ამოკითხვას, რომ მე ვთანამშრომლობდი, მაგრამ თქვენი ლექსიკა, რომლითაც დღეს ოპოზიციას მიმართავდით ამტკიცებდა, რომ დეპოლარიზაციისთვის თავად თქვენც, პერსონალურად, შეიძლება, არ იყავით მზად. ასევე გაუგებარია, როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული პროცედურებით ვსარგებლობთ და ვითხოვთ თქვენს მოსვლას პარლამენტში, რატომ არის ეს მოთხოვნა საბოტაჟი, როდესაც შეგიძლიათ ამ ტრიბუნიდან თქვენს მიღწევებზე ჩვენზე მეტი დროით ისარგებლოთ და ისაუბროთ“, – განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, კორძაიამ ღარიბაშილს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე კომპრომისს და შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება გვარამიას გასათავისუფლებლად.

„მე მინდა გკითხოთ თქვენი პერსონალური პოზიცია ნიკა გვარამიას მიმართ, რადგან ALDE-მ (ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) და ეს არ არის EPP (ევროპის სახალხო პარტია), ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, პერსონალურად თქვენ მოგმართათ გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ალდემ არ იცის, სასამართლო  ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ნიკა გვარამია უკვე მაისიდან ზის ციხეში, დეპოლარიზაცია, ვალდებულების შესრულება თუ გვინდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ ხედავთ რაიმე კომპრომისს, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება თქვენი მხრიდან, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს“, – მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს.