თამარ კორძაია - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ შემოთავაზებული კანონპროექტით პრობლემა არ იქნება გადაჭრილი, ევროპარლამენტი, ყველა პარტნიორი ვალდებულებას ფორმალურად შესრულებულად ჩათვლის
 თამარ კორძაია - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ შემოთავაზებული კანონპროექტით პრობლემა არ იქნება გადაჭრილი, ევროპარლამენტი, ყველა პარტნიორი ვალდებულებას ფორმალურად შესრულებულად ჩათვლის

დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ევროპელები საქართველოსგან რეკომენდაციების ფორმალურად შესრულებას არ ელოდებიან.

მისივე თქმით, მთავარია, არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომ პრობლემები, რის გამოც ევროკავშირმა 12 პუნქტი წარმოადგინა, გადაჭრილი იქნება.

ამასთან, რეკომენდაციებზე საუბრისას თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ კანონპროექტით პრობლემა არ იქნება გადაჭრილი, რადგან ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

„ევროპელები ფორმალურად 12 პუნქტის შესრულებას ჩვენგან არ ელოდებიან. შეიძლება პლუსები დავწეროთ და ჩაითვალოს, გაკეთდა, მაგრამ ამას გაკეთებად არ ჩაგვითვლიან, რადგან მთავარი ის კი არ არის, რომელ კანონს მივიღებთ, მთავარია, რამდენად არის პოლიტიკური ნება, რომ პრობლემები, რის გამოც 12 პუნქტი შემოგვთავაზეს განსახორციელებლად, გადაჭრილი იქნება.

დეოლიგარქიზაციის შემოთავაზებული კანონპროექტით პრობლემა არ იქნება გადაჭრილი, რადგან თავიდანვე იქნა შეცდომა დაშვებული. ზოგადად, ოლიგარქია რას უქმნის პრობლემას, ამაზე კი არ იყო საუბარი, არამედ პერსონებზე დაიწყო კამათი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, დღეს ამას მიიღებენ თუ – არა, ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტიც და ზოგადად, ჩვენი ყველა პარტნიორი ჩათვლის, რომ ეს ფორმალურად შესრულებული ვალდებულება იყო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.