თამარ კორძაია - არჩილ თალაკვაძეს ვურჩევდი, ასეთი მკაფიო ყოფილიყო საჩივრების განხილვის დროს, ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტამდე პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია
თამარ კორძაია - არჩილ თალაკვაძეს ვურჩევდი, ასეთი მკაფიო ყოფილიყო საჩივრების განხილვის დროს, ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტამდე პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია

ევროპელებმა მოლაპარაკებებში სასამართლო რეფორმაც კი შემოიტანეს, ანუ, მეტი პრობლემა დაგვანახეს ამ ქვეყანაში, ვიდრე ოპოზიცია და ხელისუფლება ვსაუბრობდით, რაც სამწუხარო რეალობაა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

„ექვსიდან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი არის ვადამდელი არჩევნები. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის, აქცენტს ვინ როგორ აკეთებს, მთავარია ის, რომ ევროპელებმა უფრო გაზარდეს მოლაპარაკებების თემატიკა და სასამართლო რეფორმაც კი შემოიტანეს. ანუ, ევროპელებმა უფრო მეტი პრობლემა დაგვანახეს ამ ქვეყანაში, ვიდრე ჩვენ – ოპოზიცია და ხელისუფლება ვსაუბრობდით, ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და გათავისუფლდეს ნიკა მელია.

„მკვეთრი ნაბიჯები ეკუთვნის ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გამოუშვას ნიკა მელია. მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი. ეს არის მკვეთრი ნაბიჯი. ამის შემდეგ ვიწყებთ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის პარლამენტში შესვლასა და საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადებას, კორძაიას განმარტებით, ვიდრე ნიკა მელიას საკითხი არ გადაწყდება, პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია.

„არჩილ თალაკვაძეს ვურჩევდი, ასეთი მკაფიო ყოფილიყო საჩივრების განხილვის დროს და მაშინ არ დასჭირდებოდა არც მას და არც „ქართულ ოცნებას“… კარი არავის ჩაუკეტავს, ვისაც უნდოდა, შესულია პარლამენტში, ვისაც არ უნდა, არ შედის. ვიდრე ნიკა მელიას მდგომარეობა არ გადაწყდება, იქამდე პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა კორძაიამ.

რაც შეეხება კითხვას: „ ნიკა მელიას საკითხი თუ გადაწყდა, დანარჩენს პარლამენტში განიხილავთ? მათ შორის როგორ აპირებთ საარჩევნო რეფორმას? “, – კორძაია პასუხობს: „მოლაპარაკებების მაგიდა სხვაა და პარლამენტის დარბაზი სხვა“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. თალაკვაძის განმარტებით, საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა, რომ პროცესები ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადავიდეს. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, საგამოძიებო კომისიის მუშაობა ორი თანათავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარიმართოს, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვება პროცესს.