თამარ კორძაია - ალბათ, გესმით, რისკენ მოგვიწოდებენ ის სახელმწიფოები, რომელთა ფინანსურ დახმარებებზეც 30 წელია, დგას ეს ქვეყანა
2012 წელს „ქართული ოცნების“ ლოზუნგი იყო, რომ სისტემა უნდა დაინგრეს და თქვენ სახელმწიფოებრივი სისტემა დაანგრიეთ; ანგრევთ ყველა ინსტიტუციას, რომელიც კი არსებობს ამ ქვეყანაში, მათ შორის, სასამართლო არის ნომერ პირველი და დღეს ამ ინსტიტუციის განადგურებაში კიდევ ერთი წვლილი შეიტანა კობახიძემ, რადგან იმ მოსამართლეებს მიმართა, რომლებიც შესაძლოა, ბოლომდე არ იყვნენ დამორჩილებული, – ამ სიტყვებით მიმართა სახელისუფლებო გუნდს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კორძაიას თქმით, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა საბოტაჟისკენ მოსამართლეებს, რომლებიც უნდა წავიდნენ პარტნიორი სახელმწიფოს პროგრამით აშშ-ში.
„ის სუსტი სისტემა, რომელიც თქვენამდე არსებობდა, ბოლომდე გაანადგურეთ და დაუმორჩილეთ ერთი ადამიანის ნებას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
კორძაიამ ბლინკენის სიტყვები შეახსენა დეპუტატებს: „მოვუწოდებ მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებებზე“.
„ალბათ, გესმით, რისკენ მოგვიწოდებენ ის სახელმწიფოები, რომელთა ფინანსურ დახმარებებზე დგას 30 წელია, ეს ქვეყანა. მოგიწოდებენ მხარდაჭერაზე და არა დახმარებაზე“ ,- განაცხადა თამარ კორძაიამ.