თამარ ხულორდავა - ნატო-სგან საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით და მნიშვნელოვანია, ეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს
თამარ ხულორდავა - ნატო-სგან საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით და მნიშვნელოვანია, ეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს

ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მიმართ მოლოდინი გვქონდა, რომ პროგრესის აღიარება კიდევ ერთხელ მოხდებოდა, რაც ქვეყანამ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით განიცადა, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი ასახულია დეკლარაციაში, როგორც ნატო-ს დეკლარაციაში, ასევე სპეციალურ დეკლარაციაში, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მიიღეს.

“უპრეცედენტოა, რომ ეს დეკლარაცია წელს მიღებულია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. ანუ, დეკლარაციის ტექსტი ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებისა და საქართველოს მეთაურის დონეზეა შეთანხმებული. ჩვენი მიზანი ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებაა და ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ნატო-ს ფარგლებში აღიარება მომხდარიყო, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ბუქარესტის სამიტის შემდეგ არის მიღებული და გადაწყვეტილება ძალაშია, რაც წლევანდელ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა და ის ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოიკვეთა, რაც საქართველოს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან აქვს. გარდა იმისა, რაც დეკლარაციაში აისახა, საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ბევრი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა. ჩვენთვის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან ერთად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მკაფიო მხარდაჭერა და რუსეთის მიმართ გაკეთებული გზავნილებიც იყო. ნატო-სგან საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს. ცხადია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამისთვის სხვა ყველა წინაპირობა არსებობს და მკაფიოდ ხაზგასმულია იმ დეკლარაციაში, რომელიც მიიღეს”, – განაცხადა ხულორდავამ.

ნატო-ს ლიდერებმა საქართველო-ნატო-სკომისიის სხდომის ბოლოს დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.