თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორია, ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ საერთო მომავალი
თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის სანდო პარტნიორია, ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ საერთო მომავალი

საქართველოს შესახებ ანგარიში და დებატები, რომელშიც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა, დადებითად აფასებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა საქართველოს არაერთხელ უწოდეს წარმატების მაგალითი.

„დადებითად ფასდება რეფორმები, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება რეფორმებს დემოკრატიის სტანდარტების ზრდის კუთხით. დეპუტატები ასევე მიესალმნენ ეკონომიკური თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაღრმავებულ ურთიერთობებს.

გამოიყო რამდენიმე თემა, რაც გაჟღერდა. ეს იყო წარმატებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საპარლამენტო ზედამხედველობის ზრდა და ამ თვალსაზრისით განხორციელებული რეფორმები, საკონსტიტუციო რეფორმა.

მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროპარლამენტი დადებითად აფასებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ შორის თანამშრომლობა დღეს არის ყველაზე ღრმა, რაც კი ოდესმე ყოფილა და გვაქვს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი. საქართველო შეფასდა როგორც ევროპული ქვეყანა და იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ჩვენ ძალიან დადებითი ემოციებით ვართ დატვირთული. ევროპარლამენტი და ევროკომისია მიიჩნევენ, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის ძალიან სანდო, სტაბილური პარტნიორი რეგიონში, ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ საერთო მომავალი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.