თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია 
თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია 

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც ხულორდავამ ამ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„იცით, რომ პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. მისი კონსტიტუციური უფლებაა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.