თამარ იოსელიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოებს გაეცნო

13:31, 25.11.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე გაფართოების სამუშაოებს გაეცნო.

გაფართოების მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ის სამგზავრო ტერმინალის გაფართოებას, აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალი თვითმფრინავების სადგომების მოწყობასა და მგზავრთა მომსახურების სივრცეების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, სამგზავრო ტერმინალის საერთო ფართობი დამატებით 21 500 მ2-ით გაიზრდება, რაც მგზავრთა ნაკადების უფრო ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს. ამასთან, გაორმაგდება ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და, არსებული ხუთის ნაცვლად, ათი იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა ხუთი მილიონიდან ათ მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი