თამარ იოსელიანი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც თამარ იოსელიანი განმარტავს, პროექტი გეგმის მიხედვით ვითარდება და სამუშაოების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. შემოსულია მეორე ფსკერდამღრმავებელი გემი, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფსკერის დაღრმავებაზე, ასევე ტალღმჭრელის მშენებლობაზე. ზოგადად, უმნიშვნელოვანესია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რადგან ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო დიდი ზომის გემები, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და, შესაბამისად, გავხადოთ ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა. უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.