თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება

„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება.

ამის შესახებ სქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყოს დროულად.

„საბჭოს რეკომენდაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტების ჯგუფები უკვე დაასრულებენ მუშაობას ყველა იმ პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დანერგვას. „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი გაიხსნება 27 აპრილისთვის, რადგან მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, დაიწყოს რეალურად ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში.

ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, ასევე მოსალოდნელი სარგებლის გათვალისწინებით, ექსპერტები ცალსახად უჭერენ მხარს იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყოს დროულად.

მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს. ეს მიმდინარე პროცესია და კარგი იქნება, თუ ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, „სინოფარმის“ ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და 200 მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული ჩინეთის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყანაში, ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით. ვფიქრობთ, დღევანდელი ეპიდსიტუაცია და ის, რომ „ასტრაზენეკას“ არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წელს ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო. ჩვენ ვაგრძელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.