თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება ხელახლა მოუწევთ
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება ხელახლა მოუწევთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის რეგისტრაციის გავლა ისევ მოუწევთ.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პორტალის ხელახლა გახსნის შესახებ საზოგადოებას აცნობებენ.

„მოქალაქეებს ვაქცინაციის მეორე ეტაპი 15 მაისს უწევთ. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ორი კვირა უნდა გავიდეს, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან მან რიგი თავისი სურვილის მიხედვით ამოარჩიოს და ჩაეწეროს. ამის შესახებ გამოცხადდება და თავიდან გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი.

რაც შეეხება „ფაიზერს“, აქ სამკვირიანი ინტერვალია საჭირო, ჯერჯერობით ადრეა საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, ბრიფინგზე გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველო „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს აპრილის ბოლოს მიიღებს. რაც შეეხება „ფაიზერს“, როგორც გაბუნიამ განმარტა, „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა ქვეყანაში ივნისის თვეში უნდა შემოვიდეს.

„აპრილის ბოლოს უნდა მივიღოთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზები, „ფაიზერის“ დოზების დამატებითი მცირე რაოდენობა კი „კოვაქსიდან“ უნდა მივიღოთ ივნისის თვეში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.