თამარ გაბუნია - ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალური სერვისი სჭირდება, ამ მომსახურებას იღებს, საავადმყოფოებში 6 000-ზე მეტი ადამიანი რჩება, თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს რესურსი ოპტიმიზაციისთვის
თამარ გაბუნია - ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალური სერვისი სჭირდება, ამ მომსახურებას იღებს, საავადმყოფოებში 6 000-ზე მეტი ადამიანი რჩება, თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს რესურსი ოპტიმიზაციისთვის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა 4 000-ს მიაღწია და შესაძლოა, მატება კვლავ გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია, მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის საწოლები სრულად იყოს მობილიზებული.

გაბუნია ამბობს, რომ დღეს ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალური სერვისი სჭირდება, ამ მომსახურებას იღებს.

„როგორც ხედავთ, შემთხვევები იმატებს. გარკვეულწილად მოლოდინიც გვქონდა, რომ ამ დროისთვის 4 000-ს მივაღწევდით და შესაძლოა, შემდეგი მატებაც კი აღინიშნოს, განსაკუთრებით თბილისში არის აქტიური მატება. ამ სიტუაციაში ძალინ მნიშვნელოვანია ის, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის საწოლები იყოს სრულად მობილიზებული. რა თქმა უნდა, ესეც არის პრიორიტეტი ჩვენთვის.

სხვა დანარჩენი შემთხვევებისთვის მობილიზებულია კოვიდსასტუმროები, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი იტარებს უკვე მკურნალობას. კოვიდსასტუმროების სერვისიც ძალიან გაფართოვდა და მაღალკვალიფიციური გუნდები მუშაობენ იქ. ასევე, 10 000-ზე მეტია უკვე პაციენტების რაოდენობა, ვინც ბინაზე მკურნალობს. ამდენად, ყველა ის პაციენტი, ვისაც სჭირდება დღეს ჰოსპიტალური სერვისი, იღებს ამ სერვისს, საავადმყოფოებში რჩება 6 000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს რესურსი ოპტიმიზაციისთვის.

თუ სხვა ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არის დაახლოებით 10-15 პროცენტი, ჩვენ მაინც ვრჩებით 30 პროცენტზე ზემოთ, ანუ თითქმის პაციენტების მესამედი იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას. რა თქმა უნდა, ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ თუ არ არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია, პაციენტი დარჩეს სასტუმროში ან ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა კარგია, რომ სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი, რომელიც თავიდან დაინფიცირდა, უკვე დაუბრუნდა სამუშაო გრაფიკს.

„განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი აჭარაში დაისვა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან გამოეთიშა პროგრამას, დღეს უკვე ადგილზეა. სტუდენტების მობილიზაციაც აქტიურად ხდება, ნებისმიერი დამხმარე ძალა საავადმყოფოებისთვის მნიშვნელოვანია. მობილიზაციის რეჟიმში არის დაახლოებით ათასი საწოლი, ანუ 6 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს და 7 000-მდეა მობილიზებული საწოლფონდი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არც ერთ სისტემას არ აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.