თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, მესამე-მეოთხე კვარტალში ვაქცინაცია საყოველთაო იქნება
თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, მესამე-მეოთხე კვარტალში ვაქცინაცია საყოველთაო იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე მოქალაქეების აქტივობა მაღალია.

მისივე თქმით, ეს მათ ეხმარებათ, რომ დარეგისტრირებულთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრონ, რომელი ვაქცინა იქნება მეტად მისაღები მოქალაქეებისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაღალი აქტივობა პორტალზე, სადაც მათ შეუძლიათ, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ეს ჩვენ გვეხმარება, სწორად მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელი ვაქცინა იქნება მეტად მისაღები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინებზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან სხვადასხვა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის „ასტრაზენეკასთან“ და „ფაიზერთან“ მიმართებით.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, ფიქრობენ, რომ მესამე-მეოთხე კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საყოველთაო იქნება.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებში გვაქვს მოლოდინი „ასტრაზენეკას“ მიღების და მოგეხსენებათ, „სინოფარმი“ მალე გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება „ფაიზერს“, ვაქცინის ფართო გამოყენებაზე უფრო მეორე კვარტლის ბოლოდან შესაძლოა, ვისაუბროთ. მესამე და მეოთხე კვარტალი არის პერიოდი, როდესაც ვფიქრობთ, საყოველთაო ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. ის მოქალაქეები, რომლებსაც რისკის ან სტატუსის გამო ჯერჯერობით ვაქცინაციის პროგრამაზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ, შეძლებენ პროცესში აქტიურად ჩაერთონ. რეალურად, მესამე-მეოთხე კვარტალი არის პერიოდი, როცა ვფიქრობთ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებაზე.

რეალურად მალევე გვექნება კონკრეტული პასუხები „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით, ასევე, „ნოვოვაქსიც“ არის ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინა. როდესაც გექნება კონკრეტული პასუხი „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით, საზოგადოება შეიტყობს. მუშაობა ძალიან ინტენსიურია, ამიტომ ვფიქრობ, პერსპექტივა საკმაოდ კარგი გვაქვს, უბრალოდ უნდა დაველოდოთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს მწარმოებლებისგან. როდესაც გვექნება უკვე საბოლოოდ მოწოდების გრაფიკი, ამის შემდეგ ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.