თამარ გაბუნია - პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ
თამარ გაბუნია - პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ

პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინაზე. ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან არ გავდივართ დიალოგზე. „კოვაქსი“ ეს არის ჯანმო-ს და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ. პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ვაქცინა ფიზიკურად უნდა გვქონდეს, ჯანდაცვის სისტემა ლოჯისტიკური პროცესის გამართვისთვის ემზადება.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მექანიზმის გაძლიერებას. მაგალითად, ფაიზერის ვაქცინას შენახვისთვის მინუს 60-80 გრადუსი სჭირდება, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ტექნოლოგიურ გადაწყვეტას საჭიროებს. დღეს ამაზე მიდის აქტიური მუშაობა. უკვე დაგეგმვა დაწყებულია და ვფიქრობთ, მომავალი წლის პირველი ორი თვე სრულად დაეთმობა ამ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამართვას, რათა გაზაფხულისკენ, თუ ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდა, ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციის დაწყება შევძლოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ შემცირდა ტესტების რაოდენობა, რადგან ბოლო 24 საათში 6 500 ტესტი ჩატარდა მაშინ, როცა ქვეყანას 4 000-მდე ახალი ინფიცირებული ჰყავს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს ერთჯერადად მოხდა და ამას სისტემური ხასიათი არ აქვს.

„როგორც წესი, შაბათ-კვირას ხდება ხოლმე მსგავსი რამ. ვფიქრობ, შეიძლება, გარკვეულწილად იყო არჩევნების ეფექტი; შეიძლება, კვირა დღის ეფექტი იყო და ამგვარი მცირე რაოდენობა ამან გამოიწვია. თუმცა, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 10 000-დან 12 000-მდე ტესტია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.