თამარ გაბუნია - მიმდინარეობს მუშაობა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის მიმართულებითაც
თამარ გაბუნია - მიმდინარეობს მუშაობა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის მიმართულებითაც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე ადრე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღოს.

„პირველი ჯგუფი იქნებიან ჯანდაცვის პროფესიონალები და აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში უფრო ადრე შემოვა. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის ვაქცინის მიღების სამი წყარო არსებობს. პირველი წყარო არის „კოვაქსის პლატფორმა“, რაც მილიონ ოთხასი ათასი გარანტირებული დოზის მიღების საშუალებას მოგვცემს, ასევე პირდაპირ მომწოდებლებთან კომუნიკაცია და დღეს „ასტრაზენეკაზე“ გვაქვს ძირითადი აქცენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამერიკული კომპანია „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინის, ასევე „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის მიმართულებითაც.

„იგეგმება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც უკვე არის იმ პოზიციაში, რომ მალე მიიღებს ავტორიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, კიდევ მოსალოდნელია „ნოვა ვაქსის“ ვაქცინა და ამ მიმართულებითაც მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, აქტუალური რჩება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი დოზების ნაწილი განაწილდეს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც. დიპლომატიური არხები არიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში და ვფიქრობთ, ამასთან დაკავშირებითაც მეტი სიცხადე გვექნება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. დაახლოებით 15-მდე კლინიკა არის შერჩეული იმისთვის, რომ მოხდეს ეტაპობრივად ვაქცინაციის გაშლა, თუმცა ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემთხვევაში, პროცესში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები ჩაერთვებიან“, – განაცხადა გაბუნიამ.