თამარ გაბუნია - კლინიკების სიჭარბე, რომელიც მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯთანაა დაკავშირებული, არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაოდენობა ოპტიმალური უნდა იყოს
თამარ გაბუნია - კლინიკების სიჭარბე, რომელიც მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯთანაა დაკავშირებული, არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაოდენობა ოპტიმალური უნდა იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე კლინიკების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც პანდემიამდე კრიტიკის მთავარი საგანი იყო.

გაბუნიას თქმით, განსაკუთრებით მცირე ზომის კლინიკების სიჭარბე, რომელიც უკავშირდება მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს, არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მთავარი მიზანია, კლინიკების რაოდენობა იყოს ოპტიმალური, მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი.

„რაც შეეხება კლინიკების რაოდენობას, ზოგადად, საქართველო მსოფლიო რუკაზე ცნობილია კლინიკების ძალიან მაღალი მაჩვენებლით მილიონ მოსახლესთან მიმართებით. ეს იყო კრიტიკის მთავარი საგანი, ვიდრე კოვიდის ეპიდემია დაიწყებოდა, თუმცა კოვიდის პერიოდში ამან გარკვეულწილად დადებითი როლიც შეასრულა იმგვარად, რომ ჩვენ სწრაფად და მალე მოვახერხეთ დიდი რაოდენობით საწოლფონდის მობილიზება. მაგრამ როდესაც ჯანდაცვის სისტემა ნორმალურ საქმიანობას დაუბრუნდება, რა თქმა უნდა, კლინიკების სიჭარბე და განსაკუთრებით მცირე ზომის კლინიკების სიჭარბე, რომელიც უკავშირდება მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს, არის არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.

ამდენად, მიზანი არის ის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება. თუ დავუშვათ, დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 000 საწოლი, და 17 ათასი საწოლი გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში. კლინიკებისა და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას, ოპტიმალური სერვისის მიწოდებისთვის, დაზოგოს დანახარჯი ადმინისტრაციულ რესურსზე და ეს ფული პირდაპირ ბენეფიციარისკენ წავიდეს, პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი. ეს არის მთავარი მიზანი, ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაანალიზდეს, გადაიხედოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.