თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სისტემამ ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ დატვირთვას გაუძლო, თუმცა მუდმივად ასეთ რეჟიმში ვერ იმუშავებს, ამიტომ პრევენციის ზომები უნდა დავიცვათ
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სისტემამ ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ დატვირთვას გაუძლო, თუმცა მუდმივად ასეთ რეჟიმში ვერ იმუშავებს, ამიტომ პრევენციის ზომები უნდა დავიცვათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღისა და შტამისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომ პრევენციული ღინისძიებების დაცვა მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, დღესდღეობით ვირუსისგან დაცვის მთავარი საშუალება, სხვა აუცილებელ წესებთან ერთად, პირბადის გამოყენებაა. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემამ საკმაოდ მძიმე დატვირთვას გაუძლო და მუდმივად ასეთ რეჟიმში ვერ იქნება.

„კორონავირუსის ახალი ტალღის და შტამების გამოჩენისგან არავინ დაზღვეული არ არის. მთავარი აქცენტი ისევ და ისევ არის პრევენციაზე და არ მოვდუნდეთ, არ ვიფიქროთ, რომ ამ ტალღამ ჩაიარა და გაზაფხულზე ადრე მეორე ტალღა აღარ იქნება. მთავარია, სტაბილურად შევინარჩუნოთ ის პრევენციის ზომები, განსაკუთრებით ინდივიდუალურ დონეზე.

ამას სულ ვიმეორებ, ძალიან მარტივია და ზოგჯერ სასაცილოდ არ ყოფნით ადამიანებს, მაგრამ დღეს ჩვენთვის მთავარი დაცვა არის პირბადე. პირბადე, ხელის დეზინფექცია და ფიზიკური დისტანცირება- ამ სამი წესის დაცვა. ასევე ის წესები, რომლებიც ბიზნესისთვის შემუშავდა, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შემუშავდა, ყველაფერი ამის აღსრულება არის მნიშვნელოვანი. ამის გამკაცრებაზეა საუბარი.

პირველი ეტაპი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა, შემდეგ ჯანდაცვის სისტემას რა შესაძლებლობაც აქვს უკვე ყველამ შევხედეთ და გავიგეთ. საკმაოდ მაღალ დატვირთვას გაუძლო ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა კიდევ ასეთი ერთი ტალღის გადატანა მისთვის რთული იქნება. მუდმივად ასეთი დაწოლის რეჟიმში ჯანდაცვის სისტემა ვერ იმუშავებს, რადგან მთელი რიგი ჯანდაცვის სხვა საჭიროებებია, რომლებსაც ასევე სჭირდება მიხედვა და რომელთა რისკებიც შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს, ვიდრე კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები. ამდენად, სამზადისი ჩვენთვის არის ისევ და ისევ პრევენცია, ვაქცინის მოლოდინი და ვაქცინაციისთვის მზადება. მესამე ტალღისთვის ჩვენი მზადება არის, რომ ჯანდაცვის სიტემას აქვს სარეზერვო რესურსი, რა თქმა უნდა, პერსონალი მობილიზებულია და ვემზადებით ვაქცინაციისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.