თამარ გაბუნია - ინფიცირების შემთხვევების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკუთვნის იმ უჩვეულოდ გაზრდილ მობილობას, რომელიც იყო აქციების ფონზე
თამარ გაბუნია - ინფიცირების შემთხვევების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკუთვნის იმ უჩვეულოდ გაზრდილ მობილობას, რომელიც იყო აქციების ფონზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ასახელებს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თამარ გაბუნიამ კითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ გაუარესდა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია.

გაბუნიას თქმით, ეპიდემიის ამგვარი ესკალაციისა და ინფიცირების მატების შემთხვევაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკუთვნის იმ უჩვეულოდ გაზრდილ მობილობას, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, აქციებისა და ასევე არჩევნებთან დაკავშირებული შეკრებების ფონზე.

„ეს არ არის ჩვეულებრივი მობილობის ფონი, ეს იყო განსაკუთრებით გაზრდილი მობილობის ფონი და რა თქმა უნდა, ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი რა არის, საბოლოო ჯამში, მაინც იქამდე მივდივართ, რომ კონკრეტულ ქცევას უკავშირდება – პირბადის გამოყენებას, დისტანციასა და ხელის დამუშავებას. მოსახლეობასთან კომუნიკაცია პირველი რიგის ამოცანაა და ამას კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.