თამარ გაბუნია - ინდოეთიდან ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთანავე, ჩვენი ხელშეკრულება შესრულდება
თამარ გაბუნია - ინდოეთიდან ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთანავე, ჩვენი ხელშეკრულება შესრულდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაბრუნდა ინდოეთიდან. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა და გარკვეული პასუხისმგებლობები ორივე მხარემ აიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინდოეთიდან ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება შესრულდება.

„ახლა, ამ ეტაპზე არის გარკვეული შეზღუდვები ზოგადად ინდოეთიდან ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებით. როგორც კი ეს შეზღუდვები მოიხსნება, ჩვენ გვაქვს შეპირება, რომ ჩვენი ხელშეკრულება შესრულდება. დასრულდება იმ დოზების მოწოდება, რომელზეც არის საუბარი. რა თქმა უნდა, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო და ეს აისახება არა მხოლოდ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით, არამედ სამომავლოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც აწარმოებს ინდოეთის მხარე. „ნოვოვაქსიც“ არის ერთ-ერთი ვაქცინა, რომელიც ინდოეთში იწარმოება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ ბრიფინგზე ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებულ კვლევებზეც ისაუბრა. გაბუნიამ განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტომ დეტალური მოკვლევა ჩაატარა და მათ ყველანაირ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდათ.

„რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ რეგულირების სააგენტომ ძალიან დეტალური მოკვლევა ჩაატარა და რაც საჭიროა ამ ტიპის შემთხვევაში, ყველანაირ დოკუმენტაციაზე მათ ხელმისაწვდომობა ჰქონდათ. როგორც კი ჩვენ დასკვნები გვექნება, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა იქნება საჯარო იმ ფარგლებში, რაც შესაძლებელია, რომ გასაჯაროვდეს. ოჯახს გადაეცემა თუ არა დოკუმენტაცია, ვერ გეტყვით, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი პორცესია“, – აღნიშნა გაბუნიამ.