თამარ გაბუნია - გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები, დამოკიდებული იქნება საზოგადოების ქცევაზე, რამდენად დაიცავენ რეგულაციებს
თამარ გაბუნია - გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები, დამოკიდებული იქნება საზოგადოების ქცევაზე, რამდენად დაიცავენ რეგულაციებს

უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების შეზღუდულ ფარგლებში ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური ღონისძიებების ჩატარება დიდი რისკის შემცველია.

ამასთან, როგორც გაბუნიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს სათანადოდ არ დაიცავს,  საჭირო გახდება შეზღუდვების გამკაცრება.

„ეს არის ძალიან დიდი რისკი. რა თქმა უნდა, ის ზომები, რომლებიც დაწესებულია, უნდა აღსრულდეს. ჯერჯერობით ამაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული ზომების აღსრულების პროცესი გამკაცრდეს. თუმცა, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ტენდენციები გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ. მათ შორის ისევ გამოვიყენოთ მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ რეგულაციებს და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ აღარ მოგვიხდეს მკაცრი შეზღუდვებისკენ დაბრუნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.