თამარ გაბუნია - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგია, გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება
თამარ გაბუნია - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგია, გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვიდ-19“-ის  ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგია.

გაბუნიას თქმით, გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.

„ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცეპტულ პროდუქტს ახასიათებს გვერდითი რეაქციები, გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად, გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის, გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წლს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა, დაემატა უკვე კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური რამდენიმე მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც გამოიყენებენ ჩვენი ექიმები გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავოს ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის შესაბამისად განმარტა, თუ რა შეიძლება იყოს გვერდითი რეაქცია.

„იმუნიზაციის პროგრამას აქვს გვერდითი რეაქციების მონიტორინგის სისტემა. ამ შემთხვევაში გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, მაშინვე ან მოგვიანებით, მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები, რაც ვაქცინას როგორც წესი თან ახლავს და აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რომელიც ჩვენთან ვაქცინასთან ერთად მოდის. ეს არის უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი გამოვლინებები, არის საშუალო სიმძიმის, ყველაზე მძიმე, რაც შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია, მაგრამ ამისთვის ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ მოხდეს აღრიცხვა და შემდეგ ანგარიშგება ეროვნულ დონეზე. გაანალიზდება შემთხვევის კავშირი ვაქცინაციის მომენტთან. შესაძლოა, შემთხვევა ისედაც აღმოცენდეს და არ იყოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინასთან, მაგრამ ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ვაქცინაციის პროგრამა ვაწარმოოთ, სხვაგვარად უბრალოდ საერთაშორისო სტანდარტს ვერ დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის  ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი