თამარ გაბუნია - ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვაგრძელებთ ტესტირებას, სხვა ინფიცირებული თანამშრომელი ჯერ არ გამოვლენილა
თამარ გაბუნია - ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვაგრძელებთ ტესტირებას, სხვა ინფიცირებული თანამშრომელი ჯერ არ გამოვლენილა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკატერინე ტიკარაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით აცრა 14 ივნისისთვის უწევდა, თუმცა მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, აცრის თარიღი გადავადდება.

„დღეს დილით ჩვენთვის  ცნობილი გახდა, რომ ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს დაუდასტურდა კოვიდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია, რჩება ბინაზე, თვითიზოლაციაში და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას. რაც შეეხება მისი აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს პირველი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, მეორე აცრის თარიღი განსაზღვრული იყო 14 ივნისისთვის, რაც 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდია, თუმცა ამ მდგომარეობის გამო, მისი მეორე ვაქცინაცია გადავადდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, საქართველოში მოქმედი პროტოკოლით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზაც ინფექციის გადატანიდან 120 დღის შემდეგ კეთდება, თუმცა არ არის გამორიცხული, 120-დღიანი საშუალო ინტერვალი გადაიხედოს.

„საერთოდ, ინფიცირების შემდეგ მეორე და დამატებითი ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთიანი, განსაზღვრული პროტოკოლი არ არის, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს. ზოგიერთი ქვეყანა გადატანილი ინფექციის შემდეგ საერთოდ აღარ მიიჩნევს საჭიროდ მეორე ვაქცინაციას. ჩვენ პირობებში, მხოლოდ ერთი ვაქცინა და შემდეგ ინფიცირება თუ არის დადგენილი, ინფექციის გადატანიდან 120 დღე არის აცრისთვის სტანდარტული პროტოკოლით განსაზღვრული, მაგრამ ამასთან დაკავშირებით როგორც კი იქნება მკაფიო რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ. დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი დაავადება ვაქცინაციასთან ერთად არის საფუძველი მეტად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. ანუ, შესაძლოა, არც იყოს აუცილებელი მესამე, კიდევ დამატებითი ვაქცინაცია ვაქცინაციიდან მოკლე პერიოდში დაავადების გადატანის შემდეგ, თუმცა ამაზე ჯერჯეობით მყარი, დასაბუთებული რეკომენდაციები გამოქვეყნებული არ არის, არის მხოლოდ მოსაზრების დონეზე.

ჩვენს შემთხვევაში 120-დღიანი პრაქტიკა იყო გარკვეულწილად პირობითი და გამომდინარე იმ მოსალოდნელი ვაქცინების მოწოდებიდან, რაც დაგეგმილი იყო უახლოეს პერიოდში. 120 დღე არის ის საშუალო ინტერვალი, როდესაც გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნური სისტემა ჯერ კიდევ მყარია და განმეორებითი ინფიცირების რისკი არის დაბალი, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა არ იცდის ამდენს და უფრო მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის დაახლოებით, 30 დღეში ატარებს განმეორებით ვაქცინაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კონტაქტებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, გრძელდება ტესტირება სტრატეგიული ჯგუფების ფორმატში, თუმცა ინფიცირების სხვა შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პერიოდულად გვქონდა კონტაქტი, თუმცა ვმუშაობთ ნიღბით, რაც ჩვენთვის მუშაობის ჩვეული რეჟიმია და სტრატეგიული ჯგუფების ფორმატში ვაგრძელებთ ტესტირებას, ჯერჯერობით არც ერთი სხვა ინფიცირებული თანამშრომელი არ გამოვლენილა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.