თამარ გაბუნია - ბევრი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის ტურისტების წყარო იყო, არის რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში, თითოეული ტურისტი იქიდან მოდის რისკით, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ
თამარ გაბუნია - ბევრი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის ტურისტების წყარო იყო, არის რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში, თითოეული ტურისტი იქიდან მოდის რისკით, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ

ბევრი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის გარკვეულწილად ტურისტების წყარო იყო, არის საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში. თითოეული ტურისტი იქიდან მოდის რისკით და ჩვენ ამ რისკებს ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიისგან საქართველოს დაცვის მთავარი მექანიზმი, რამაც აქამდე მოგვიყვანა და გვიხსნა, იყო საკარანტინო მექანიზმი, რომელიც დღესაც მუშაობს.

„ჩვენ ქვეყანაში არ მივეცით ვირუსს შემოსვლის საშუალება. თუ გავხსნით კარს მაღალი რისკის ქვეყნებისთვის, ბუნებრივია, ამას არ სჭირდება ზედმეტი ანალიზი და განსჯა, ეს რისკები ქვეყანაში შემოვა. ამრიგად, პირველი კრიტერიუმი, რაზეც ყველა ქვეყანა მსჯელობს და ფიქრობს, არის ის,რომ კარი გახსნას ე.წ. მწვანე ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემია კარგად კონტროლირებადია. ჩვენ განვიხილავდით ისრაელის შემთხვევაში ტურისტული მიმოსვლის აღდგენას, თუმცა თავადაც გარკვეულწილად გადასინჯეს ეს გადაწყვეტილება. ეპიდემია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გართულდა. ასევე ევროკავშირის სივრცეში. მის გარეთაც მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე. თუ რომელი ქვეყანა უნდა ჩაითვალოს უსაფრთხოდ სხვადასხვა კატეგორიის მოგზაურთათვის“,- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ფიქრობენ, როგორი  უნდა იყოს ტურისტების შემთხვევაში ტესტირების მექანიზმი.

„72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, რომელიც არის გაცემული და შესრულებული სანდო ლაბორატორიის მიერ, რაც შეიძლება იყოს გარკვეულწილად დაცვის მექანიზმი ქვეყანაში შემოსვლის მომენტში, ამ მექანიზმს დიდი ალბათობით გამოვიყენებთ შესაფერის ჯგუფებში. თუმცა ეს ვერ იქნება მასიური დაფარვისთვის, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ შესაძლებელია მაღალი რისკის ქვეყნებიდანაც დაიწყოს მოგზაურებმა აქტიური შემოდინება. ამდენად, ჯერ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს და ვნახოთ, როგორ წარიმართება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.