თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყება
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებული სარგებელი და მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები მოსახლეობამ იცოდეს ზედმიწევნით კარგად, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყება მომდევნო კვირის განმავლობაში.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, საინფორმაციო კამპანია გარდა „სინოფარმისა“, შეეხება ყველა ვაქცინას, რომელიც ქვეყანაშია.

როგორც გაბუნია განმარტავს, ეს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რეგისტრაციამდე ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ყველა ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ.

„მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანია დაეთმობა ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ უკვე მოგვმართავს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მოქალაქეები, რომ „სინოფარმით“ არიან დაინტერესებული. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება იმ ქვეყნების, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია დიდი ხანია, წარმატებით მიმდინარეობს. აუცილებლად მომზადდება ინფორმირებული თანხმობა მოქალაქეებისთვის, რათა კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ ვაქცინების დადებით და უარყოფით მხარეებს. ამ შემთხვევაში სუბარი მაქვს ყველა ვაქცინაზე და არა მხოლოდ „სინოფარმზე“. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მოქალაქეს რეგისტრაციამდე ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ყველა ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.