თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს იმსჯელებენ, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს იმსჯელებენ, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ევროპის მარეგულირებელმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი დასკვნა, რომლის თანახმადაც ისევ ცალსახად არის მითითებული, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი რისკებს აღემატება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს იმსჯელებენ, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ გამოყენება.

„აქვე მითითებულია სიახლე, რომელიც უკავშირდება იშვიათ შემთხვევაში შესაძლო თრომბოემბოლიური გართულებების სავარაუდო კავშირს „ასტრაზენეკასთან“. ასევე ხაზგასმულია, რომ ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, ისევე როგორც ანაფილაქსია. ამდენად, მოწოდებაა, რომ ამ ტიპის გართულებებს ყურადღება მივაქციოთ. ამ ტიპის სურათი უფრო ახალგაზრდა პირებშია დადგენილი. ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 30 წლამდე პირებისთვის აღარ გაუწიოს რეკომენდაცია „ასტრაზენეკას“ გამოყენებას. ზოგიერთი ქვეყანა უფრო მაღალ ასაკს მიიჩნევს, 55 და 60 წელს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ჩამოყალიბებული. დღეს იქნება ამასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფის შეხვედრა და დღის ბოლომდე ვფიქრობ, პოზიცია სრულად იქნება ჩამოყალიბებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.