თამარ გაბუნია - 12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, ვაქცინაცია არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სავალდებულო
თამარ გაბუნია - 12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, ვაქცინაცია არც ერთ შემთხვევაში არ იქნება სავალდებულო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 12 წლის ზემოთ ასაკიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას დაელოდებიან.

„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დიწყო, ტარდება „ფაიზერის“, „მოდერნას“ ვაქცინით. ასევე, ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო „სინოფარმის“ ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დავიწყოთ, რაც ძალან მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანია, ეპიდემიის შესაჩერებლად ყველა ასაკობრივი ჯგუფი თანაბრად იყოს დაცული“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება კითხვას, 12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სკოლებში აცრა სავალდებულო იქნება თუ არა, გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„ვაქცინაცია სავალდებულო არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით ადრეა საუბარი სკოლაში სწავლის დაწყებაზე.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სურთაზე. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა საუბარი იმაზე, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, მაგრამ სამომავლოდ როგორ განვითარდება ეპიდემიური სურათი და იმ დროისთვის, როდესაც სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, რა თქმა უნდა, თავიდან ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.