თამარ ჩუგოშვილი - არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ პარლამენტის წევრს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე
თამარ ჩუგოშვილი - არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ პარლამენტის წევრს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე

მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი, ველოდები ნიკა მელიას საქმის გამოძიების დასრულებას და პასუხისმგებლობის დაყენებას, რადგან რაც მოხდა, სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„გამიჭირდება, შევაფასო სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ვთქვა, რომ მაინცდამაინც აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო თუ სხვა ფორმა უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მის მიმართ აღკვეთის ის ღონისძიებები, როგორიცაა გირაო და შემდგომ მისი გადაადგილების კონტროლი, არის საკმარისი. ნიკა მელია არის პარლამენტის წევრი, რომელიც აორგანიზებდა შტურმს საქართველოს პარლამენტზე. ეს თავისთავად ნონსენსია. არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ პარლამენტის წევრს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე. ამიტომ მე, როგორც პარლამენტის ერთი წევრი ველოდები ნიკა მელიას საქმის გამოძიების დასრულებას და პასუხისმგებლობის დაყენებას, რადგან რაც მოხდა, სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.