თამარ ჩუგოშვილი - სააკაშვილის რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო
თამარ ჩუგოშვილი - სააკაშვილის რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო

სააკაშვილის რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სისტემური დანაშაულებები ხდებოდა, ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

„როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები, მედიის თავისუფლება და სივრცეები, სადაც შეიძლებოდა ამ პრობლემებზე საუბარი, იყო უკიდურესად შეზღუდული. ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი, ადამიანები ამაზე ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდნენ. შესაბამისად, ბევრი სისტემური დანაშაული იმ წლის ანგარიშებში ასახული არ იყო. საია-დან რამეს თუ მოვახვედრებდით, ძალიან გვიხაროდა. რეალურად დისკუსია იმაზე, რომ ქვეყანაში იყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. გამოიყენებოდა ადამიანების შანტაჟისთვის, გროვდებოდა ზღვა სიბინძურე, ასეთი რაღაცები ამ ანგარიშში არ ყოფილა. ანგარიშში არ მოხვედრილა მასშტაბი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, არა იმიტომ, რომ ისინი თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ ქვეყანაში დახურული იყო სივრცეები ამ თემებზე სალაპარაკოდ. თუ საია-ს მიაქცევდა და ერთი ორ ორგანიზაციას, ეს იყო მაქსიმუმი”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, სასურველია, ქვეყანამ ყოველთვის გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციოს ანგარიშში წამოწეულ საკითხებს.

„ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს და თუ არის თემები, რომლებზეც საზოგადოება დავობს, ამ თემებს მიაქციოს დამატებითი ყურადღება და ეცადოს, რომ ამ მიმართულებით გადადგას სწორი ნაბიჯები. ამ ანგარიშში დასკვნების გამოტანა და შეფასებები არ ხდება. ანგარიშში ასახულია ის, ქვეყანაში რაზე მსჯელობენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა არის თემა, რომელზეც არავინ დავობს.

„ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ. შსს-მ ძალიან კარგად იმუშავა. პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, ბევრი რამ გაკეთდა და შესაბამისად, ეს ასეც არის ასახული. ძირითადი თემები ყურადღებამისაქცევია. ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო რეფორმაში საქმე გვაქვს გასაკეთებელი და სასამართლო დამოუკიდებლობის ეფექტიანობის სამართლიანობის კუთხით ქვეყანაში საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ამაში არავის თქმა არ გვჭირდება. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს საქმე დასრულებული არ არის. რაღაც კონდიციამდე მივედით, მაგრამ კიდევ უფრო შორს ვართ წასასვლელი, ამაზე აურზაურია ქვეყანაში და ბუნებრივია, ასეთ ანგარიშში მოხვდებოდა.

მაგალითად, ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის თემას. დღე არ გავა, რომ ადამიანი არ მოგვტაცონ. არის უმძიმესი შემთხვევები. სულ ახლახანს ადამიანი დაიღუპა და უმძიმესი ტრაგიკული მოვლენა იყო. მანამდე კიდევ რამდენიმე ფაქტი იყო. ასეთ შემთხვევებზე რომ ყურადღება მახვილდება, ეს მნიშვნელოვანია და ბერკეტია, რათა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე გამოვიყენოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.