თამარ ჩუგოშვილი - ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციაზე მიწვეულია ყველა პოლიტიკური ძალა
თამარ ჩუგოშვილი - ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციაზე მიწვეულია ყველა პოლიტიკური ძალა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზადაა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან სასაუბროდ, როგორც პროპორციული სისტემაზე და ნულპროცენტიან ბარიერზე, ისე სხვა თემებზე.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ინიციატივის პრეზენტაციაზე მიწვეულია როგორც ყველა პოლიტიკური ძალა, ისე არასამთავრობო სექტორი.

„ჩვენ მოწვეული გვყავს ყველა პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვთქვით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც თავის განცხადებაში თქვა, რომ იმ ინდივიდებს, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ თუ სურვილი ექნებათ შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის, ამის პრობლემა არ ექნებათ. თუ პრობლემა ექნებათ მოსვლის და საუბრის, არც ეს არის პრობლემა, ეს მათი არჩევანი იქნება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიცურ პარტიათა ნაწილის მოსაზრებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ნულპროცენტიანი ბარიერის პირობებშიც მმართველი გუნდი კოალიციებისა და ბლოკების დაშვებას უნდა დათანხმდეს, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე სერიოზულად საუბარი უხერხულია.

„უბრალოდ უხერხულია, მეტი თუ არაფერი, გინდოდეს პოლიტიკურ ძალას, რომ პარტიად მიიჩნეოდე ქვეყანაში, ადგილი გინდოდეს პარლამენტში და ამბობდე, რომ 0.7 პროცენტიც კი არ დამიჭეს მხარს ქვეყანაში, მაგრამ მაინც უნდა აღმოვჩნდე პარლამენტში. მგონი, ეს არ არის ჯანსაღი და სწორი მიდგომა, ამიტომ ნულპროცენტიანი ბარიერი და ბლოკები ფაქტობრივად გამორიცხავს ერთმანეთს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გააკეთა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,, შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება”.