თამარ ჩუგოშვილი - პრემიერთან კითხვები ბევრი მიმართულებით არის, ყველაზე აქტუალურია ეკონომიკური თემები და კრიზისი, რომელსაც პანდემიის გამო ველოდებით
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ხვალ ყველა პარლამენტარს ექნება საშუალება, პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას დისკუსიაში ჩაერთოს.
ჩუგოშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელთან დაკავშირებითაც მას კითხვები ექნება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლისას პარლამენტში.
„კარგია, რომ მთავრობამ თავად მოითხოვა პარლამენტში მოსვლა. ამ თვეების განმავლობაში არაერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის მხრიდან და კარგია, რომ ხვალ ეს შედგება. ეს პროცედურა პარლამენტის ყველა წევრს აძლევს საშუალებას, რომ დისკუსიაში ჩაერთოს, განსხვავებით ინტერპელაციისგან. კითხვები ბევრი მიმართულებით არის, მათ შორის, ყველაზე აქტუალური არის ეკონომიკური თემები და კრიზისი, რომელსაც პანდემიის გამო ველოდებით. ასევე, გასული ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩემთვის არის საინტერესო, გარდა იმ დახმარებების განაწილებისა, რასაც მოსახლეობა ელოდება, არის სახელმწიფო შესყიდვების და ბიუჯეტის ხარჯვის თემა.
ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში ფაქტობრივად არ მოქმედებდა ტენდერის წესები და ბუნებრივია, ეს გასაგებიც არის, მაგრამ ასეთ დროს იზრდება კორუფციული გარიგებების რისკი და არამიზნობრივი ხარჯვის რისკი. საინტერესოა, ამ რისკების გადაზღვევას როგორ აკეთებდა მთავრობა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.