თამარ ჩუგოშვილი - პოლიციას რომ უნდა ემოქმედა, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ორი პარტიის გარდა ვერავინ დააყენებს
იმ მძიმე ღამეს შტურმის მოგერიებას ვერავინ ასცდებოდა, ისეთი ფორმები მიიღო ნიკა მელიასა და მისი კოლეგების ქმედებებმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისი პოზიცია ნათლად და მკაფიოდ დააფიქსირა – თუ ინდივიდუალურ გადაცდომებს და ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, მაშინ ეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხია და თუ ამ დარღვევებში სისტემურობა გამოვლინდება, მინისტრი მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს.
„ლეგიტიმური ძალა რომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული და ეს იყო აუცილებლობა, ამას ვერავინ უარყოფს. ამის უარყოფა არ მომხდარა არც საერთაშორისო შეფასებებში და არც არსად. პოლიციას რომ უნდა ემოქმედა, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ორი პარტიის გარდა ვერავინ დააყენებს. მას შედეგ, რაც ლეგიტიმურად ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მერე რა მოხდა და რა რეალობა მივიღეთ, ამას სახალხო დამცველის ზედამხედველობის ქვეშ საგამოძიებო ორგანოები იძიებენ და სრული მზაობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშაც წავიდეს ეს პროცესი.
გიორგი გახარიამ თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან ნათლად და მკაფიოდ დააფიქსირა. თუ ინდივიდუალურ გადაცდომებს და ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, მაშინ ეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხია, ხოლო თუ გამოვლინდა სისტემურობა, ამ შემთხვევაში, მინისტრი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას. სრულიად სხვა არის მოცემულობა, როდესაც პოლიციას სივრცე არ აქვს დარჩენილი იმის გარდა, რომ იმოქმედოს. ჩვენ ჩვენივე რეზოლუციაში ვამბობთ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.